21 ივლისს, მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 126-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
სუს-ის ცნობით, კვლავ მკაცრად მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების დასჯა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, დაგმეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალი გადაადგილების საკითხს". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 29 სექტემბერს გაიმართება.
2023 წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.





