რუსული კანონი

ქაცარავა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, რომელსაც 14 მაისს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა სცემა და დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. 

გადაწყვეტილება დღეს, 23 ივლისს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.

ქაცარავას წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

დავით ქაცარავა 2024 წლის 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს

"იმ საქმეზე, რომელზეც დაზარალებულად ვარ ცნობილი, ბრალდებულად მიბარებენ" - თქვა ქაცარავამ 3 ივლისს, ტელეკომპანია მთავართან საუბრისას. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზეც. 

კომენტარები