სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარი ფაქტის შესასწავლად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე Facebook-ზე წერს, რომ დაკავებული ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.
"ინგოროყვაში მიჰყავთ. დალეწილი ვარო, ჩემთან დაარეკინეს". - წერს ქაცარავას ცოლი.
დავით ქაცარავა დღეს, 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.





