დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის დირექტორს ორივე პარტიის წარმომადგენლები გადადგომისკენ მოუწოდებენ

კიმბერლი ჩიტლი

როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენები აშშ-ს საიდუმლო სამსახურის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

კონგრესში გამართული მოსმენის ფონზე, წარმომადგენელთა პალატის პასუხისმგებლობის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა და ამავე ორგანოს უმაღლესმა დემოკრატმა წევრმა, ჯემი რესკინმა გაავრცელეს წერილი, რომელშიც საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლის გადადგომას ითხოვენ. მოსმენა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ჩატარდა. 

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კომიტეტმა ერთ საკითხზე ორპარტიულ თანხმობას მიაღწია.

თავად კიმბერლი ჩიტლმა აღიარა, რომ მისმა სამსახურმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება - ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სათანადოდ დაცვა. ეს 13 ივლისს ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებული პირველი მოსმენა იყო. პროცესი რამდენიმე საათი გაგრძელდა. ჩიტლმა ტრამპზე თავდასხმას ბოლო ათწლეულებში საიდუმლო სამსახურის "უდიდესი ოპერაციული ჩავარდნა" უწოდა. სამსახურის დირექტორმა პირობა დადო, რომ "ცასა და დედამიწას გადადგამს", რათა გაარკვიოს რა ვერ შეასრულეს სათანადოდ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

ჩიტლმა აღიარა, რომ სროლამდე საიდუმლო სამსახური საეჭვო პირზე ორჯერ ან ხუთჯერ მაინც გააფრთხილეს. ამას გარდა, მან თქვა, რომ სახურავი, რომლიდანაც ტრამპს ესროლეს, ღონისძიების წინა დღეებში პოტენციური საფრთხის წყაროდ შეაფასეს.

თუმცა ჩიტლი მოსმენაზე საკუთარ პოზიციას იცავდა და ამბობდა, რომ საიდუმლო სამსახურის გასაძღოლად შესაბამისი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტიის ღონისძიების უსაფრთხოების ჩავარდნებზე მან სრული პასუხისმგებლობა აიღო.

ჩიტლმა მოსმენაზე ასევე თქვა, რომ სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ჯერ კიდევ ცეცხლის გახსნამდე შენიშნეს და დაინახეს, რომ ის ბინოკლის მსგავს მოწყობილობას ატარებდა. მისი თქმით, საიდუმლო სამსახური ტრამპს სცენაზე არ აუშვებდა იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდათ, რომ ახალგაზრდა ბიჭი "რეალურ საფრთხეს" წარმოადგენდა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელ მეთიუ კრუქსს ფოტოები გადაუღეს და კოლეგებს გაუზიარეს მაშინ, როცა მისი საეჭვო ქცევები დაინახეს, თუმცა არ მიიჩნიეს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენდა.

"ჩანთიანი პირი საფრთხე არაა." – თქვა დირექტორმა მოსმენაზე.

13 ივლისს, პენსილვანიის შტატში რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს შაშხანიდან ესროლეს. ის ყურის არეში დაიჭრა. რამდენიმე გასროლის შემდეგ, თავდამსხმელი, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი სნაიპერმა ერთი ტყვიით მოკლა. შემთხვევას ემსხვერპლა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერის სიცოცხლე.

რა ვიცით პირზე, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა

 

კომენტარები