მილანის შემოგარენში მდებარე მალპენსას აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის და საფეხბურთო კლუბ მილანის ყოფილი მფლობელის სილვიო ბერლუსკონის სახელი ეწოდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება იტალიის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, მატეო სალვინის თქმით, შესაბამისი თხოვნით უწყებას ლომბარდიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართეს, გადაწყვეტილება კი ეროვნული სამოქალაქო ავიაციის დირექტორთა საბჭომ გასულ კვირაში მიიღო.
აეროპორტისთვის ბერლუსკონის სახელის წოდებამ იტალიაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, გადაწყვეტილების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტის სამინისტრო კანონს არღვევს. იტალიის კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, საჯარო სივრცე – იქნება ეს ქუჩა, პარკი თუ აეროპორტი არ შეიძლება გახდეს რომელიმე ადამიანის სახელობის სანამ მისი გარდაცვალებიდან 10 წელი მაინც არ იქნება გასული.
გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაც გამოეხმაურა, რომელმაც იტალიას "ბანანის რესპუბლიკა" უწოდა.
"(ეს არის) რესპუბლიკა, სადაც თუ საგადასახადო ორგანოებს მოატყუებ და არაერთხელ გასამართლებული ხარ, როდესაც გარდაიცვლები, შესაძლოა, შენი სახელი აეროპორტსაც კი უწოდონ". - წერია პარტიის განცხადებაში.
იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი გასული წლის ივნისში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობას სამჯერ: 1994-95, 2001-06 და 2008-11 წლებში იკავებდა. 1994 წლიდან ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერი იყო. პარტია ნაწილია მმართველი კოალიციის, რომელსაც პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონია ხელმძღვანელობს.
1986 წლიდან 2017 წლამდე სილვიო ბერლუსკონი იტალიური საფეხბურთო გრანდის, მილანის მფლობელი და პრეზიდენტი იყო. ბერლუსკონის 31-წლიანი მმართველობის დროს მილანმა 29 ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის.





