იტალია

იტალიაში ჩინური მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდის ფარგლებში 13 ადამიანი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ჩინური მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური რეიდის ფარგლებში 13 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, სექს-ტრეფიკინგსა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძარცვაში მონაწილეობაში.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ცნობით, რეიდები იტალიის ერთდროულად 25 პროვინციაში, მათ შორის, მილანში, რომში, ფლორენციაში, პრატოსა და კატანიაში ჩატარდა.

მედიის ცნობით, პოლიციამ სასამართლო ორგანოებს კიდევ 31 ადამიანის შესახებ შეატყობინა, მათი დაკავების გარეშე. ამასთან, ამოღებულია დაახლოებით 550 გრამამდე კრისტალური მეტამფეტამინი.

როგორც Reuters აღნიშნავს, ჩინური მაფიის წევრები, როგორც წესი, ექსკლუზიურად ჩინელებს ესხმიან თავს და იყენებენ ტრადიციული მაფიის მეთოდებს, როგორიცაა დაშინება ან ძალადობა საკუთარი მიზნების მისაღწევად.

აპრილში იტალიის დედაქალაქ რომში ჩინური კრიმინალური ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მოკლეს, რაც პოლიციის ვერსიით, დაჯგუფებებს შორის ტერიტორიების განაწილების ფარგლებში მოხდა.

კომენტარები