იტალია

იტალიაში გამოძიება დაიწყო ფრესკასთან დაკავშირებით, რომელიც აღდგენის შემდეგ მელონის ჰგავს

REUTERS/Vincenzo Livieri

იტალიურმა გაზეთმა, La Repubblica-მ 31 იანვარს დაწერა, რომ რომის ცენტრალური ნაწილის ეკლესიაში აღდგენილი ანგელოზის ფრესკა იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს, რასაც ქვეყნის კულტურის სამინისტროს მხრიდან გამოძიების დაწყება მოჰყვა, ხოლო მელონიმ ცნობა უარყო და მასთან დაკავშირებით იხუმრა. 

La Repubblica-მ მთავარ გვერდზე აღნიშნა, რომ ლუჩინაში მდებარე წმინდა ლავრენტის ბაზილიკის სამლოცველოში ფრესკაზე გამოსახული ორი ანგელოზიდან ერთ-ერთი აღდგენის შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრს ჰგავდა.

გამოცემას აღდგენამდე და აღდგენის შემდგომ გადაღებული სურათები ჰქონდა შედარებული და სტატიაში ეწერა, რომ აღდგენამდე ანგელოზი "ჩვეულებრივ ქერუბიმს" ჰგავდა. 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ რომში მაღალჩინოსანს იმავე დღეს აღდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება დაევალა, "სანამ შემდეგ ნაბიჯებს გადაწყვეტდნენ."

თავის მხრივ, წმინდა ლავრენტის ბაზილიკის სამრევლოს მღვდელმა, დანიელ მიშელეტიმ ახალი ამბების სააგენტო ANSA-სთან საუბრისას თქვა, რომ სამლოცველოს დეკორაციების აღდგენა მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა ისინი დააზიანა. მისი თქმით, ფრესკების თავდაპირველი ვერსია 2 000 წელს იყო შექმნილი, შესაბამისად, ნამუშევრებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წესები არ ვრცელდებოდა. 

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ფრესკა იმავე მხატვარმა აღადგინა, ვინც ორიგინალი შექმნა. მხატვარმა ბრუნო ვალენტინეტიმ უარყო, რომ ფრესკის თავდაპირველი ვერსია შეცვალა. მან რეპორტიორების განუცხადა, რომ აღადგინა ის, "რაც უკვე იქ იყო... 25 წლის წინ."

ჯორჯია მელონიმ კი ანგელოზის ფრესკის სურათი Instagram-ზე გაავრცელა, აღწერით: "არა, ანგელოზს ნამდვილად არ ვგავარ."

კომენტარები