იტალია

იტალიელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო საკუთარ სახლში გაძარცვეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო საკუთარ სახლში გაძარცვეს. თავდამსხმელები ვიჩენცას პროვინციაში, ალტავილა ვიჩენტინაში მდებარე ვილაში ადგილობრივი დროით 22:00 საათზე შეიჭრნენ, რა დროსაც ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ესპანეთი-იტალიის მატჩს უყურებდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაჯოს სახლში 5 შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა, 57 წლის ფეხბურთელმა კი მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც მათ თავში იარაღის ტარი ჩაარტყეს. ამის შემდეგ კი ის და მისი ოჯახის წევრები თავდამსხმელებმა სხვა ოთახში ჩაკეტეს. 

მძარცველებმა ბაჯოს სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაიტანეს. შემდეგ კი ბაჯომ ოთახის კარის საკეტის გატეხვა მოახერხა და პოლიციას დაუკავშირდა.

იტალიურმა პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები ამოიღო და დაზარალებულები დაკითხა. ფეხბურთელი კი თავის არეში მიღებული ტრავმის გამო ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები