სახალხო დამცველის ანგარიში 2024

სახალხო დამცველის ანგარიშის მიგნებები: მედია, LGBT+ თემი, შეკრების თავისუფლება

ლევან იოსელიანი
დოლორეს ბილბაო/ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

386-გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი - ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას და სახალხო დამცველის ინფორმაციით, "2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 8 მოქალაქე: ოკუპირებულ აფხაზეთში - ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში - ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი, გიორგი მოსიაშვილი, დიტო კორინთელი და გიორგი მელაძეა".

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ "გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, სადაც აღწერილია, რომ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა".

ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის საკითხი ქვეყანაში დღემდე პრობლემატურად რჩება და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა:

"თემის წევრები კვლავ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლები არიან და ეს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებით და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით არის გამოწვეული. ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პირები, თავიანთი მოქმედებებითა და განცხადებებით, ხელს უწყობენ ჰომოფობიური განწყობების გავრცელებას, დისკრიმინაციის წახალისებას და, ამავე დროს, ჩადიან ქმედებებს, რომლებიც, ხშირად, ლგბტ+ ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევაში გამოიხატება". - ნათქვამია დოკუმენტში.

სახალხო დამცველის თქმით, 8 ივლისის ძალადობრივმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "LGBT+ თემის დაცვა ამ მასშტაბის ძალადობასა და დისკრიმინაციას, მხოლოდ საპოლიციო ძალების გამოყენებით შეჩერება შეუძლებელი და ხშირად არასაკმარისიცაა". ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ გამოწვევის დასაძლევად საჭიროა კომპლექსური, დროში გაწერილი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა უწყების და ფართო საზოგადოების ჩართულობით.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს წინადადებით:

  • მოწესრიგდეს სხვადასხვა სახის შეკრების (მათ შორის, სპონტანური და ერთდროული შეკრებები) გამართვის წესთან დაკავშირებული საკითხები;
     
  • ვითარების ესკალაციისა და უფლებაში ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად, საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს შეკრების მონაწილეებთან დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოების მექანიზმი.

ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობის საკითხი, კვლავ გამოწვევად რჩება.

"ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას". - წერია ანგარიშში.


სახალხო დამცველის ანგარიშშიც აღნიშნული გამოწვევების პარალელურად, გასულ კვირას ქართულმა ოცნებამ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიციირა, რომელიც იდენტურია პუტინის რუსეთში არსებული კანონპროექტის, რომელიც მიმართულია შეკრებისა და გამოხატვის უფლებების შეზღუდვისა და კონტროლისკენ.

კომენტარები