რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

პუტინი 24 წლის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა
Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. პუტინს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანის აეროპორტში პირადად დახვდა და გადაეხვია, რის შემდეგაც, ავტოკოლონამდე მისვლამდე, დიქტატორებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ავრცელებენ

პუტინის დელეგაციის წევრები ასევე რუსეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვიცე-პრემიერი ალექსანდერ ნოვაკი არიან.

როგორც ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს უთხრა, ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდეს. 

პუტინი ჩრდილოეთ კორეას ბოლოს 2000 წელს, კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის მმართველობის დროს ესტუმრა. 

ჩრდილოეთ კორეის ვიზიტის დასრულების შემდეგ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ვიეტნამსაც ეწვევა

კომენტარები