ევროპარლამენტის არჩევნები 2024

ევროპარლამენტში ვერ მოხვდა ქართული ოცნების მხარდამჭერი პრორუსი კლერ დეილი

ყოფილი ევროპარლამენტარი კლერ დეილი

ევროპარლამენტის არჩევნებში მანდატი დაკარგა ირლანდიელმა კლერ დეილიმ, რომელიც ცნობილია იმით, რომ საკუთარ გამოსვლებში გამუდმებით იზიარებს რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სირიისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების სამთავრობო ნარატივებს. ამასთანავე, დეილი ევროპარლამენტში ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი იყო.

კლერ დეილიმ, ირლანდიელ კოლეგა მიკ უოლასთან ერთად, 23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას ქართული ოცნების ნარატივი გაიზიარა და გამომსვლელი უმრავლესობის განცხადებებს გაემიჯნა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ნაბიჯს უარყოფითად აფასებდნენ.

იგი ევროპარლამენტარად პირველად 2019 წელს აირჩიეს, თუმცა ირლანდიაში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებზე იგი რბოლას მე-17 რაუნდში გამოეთიშა.

წაგებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე მან განაცხადა, რომ "თქვენ ხუთი წელი ჩემთან საუბრის ინტერესი არ გქონდათ, ამიტომ მე არ მაქვს თქვენთან საუბრის ინტერესი" და, შესაბამისად, უარი თქვა მათთან კომენტარის გაკეთებაზე.

გამოცემა Irish Times-ის მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ კლერ დეილისა და მისი კოლეგის, მიკ უოლასის განცხადებებს ჩინეთის, რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სამთავრობო მედიები ხელისუფლების მხარდასაჭერი პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებდნენ.

ამას გარდა, 2022 წლის მარტში, დეილიმ მხარი არ დაუჭირა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დამგმობ რეზოლუციას. დეილის თქმით, იგი "გავრცელებული რუსოფობიის უბოდიშო ოპონენტია".

თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დეილი რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებელ საჯარო ფიგურათა სიაში შეიყვანა.

დეილის ასევე დაგმობილი აქვს რუსეთის ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც მან "იმიგრანტების მოწინააღმდეგე რასისტი უწოდა", რაც ნავალნის შესახებ რუსული სამთავრობო ნარატივის ნაცნობი გადამღერებაა. 

დეილი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესების იდეას, ხოლო 2023 წელს მან მხარი არ დაუჭირა ტრიბუნალის ჩამოყალიბების ინიციატივას, რომელსაც რუსეთის სარდლობაში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულები უნდა გამოეძია.

კომენტარები