ევროპარლამენტის არჩევნები 2024

Reuters: ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება

ურსულა ფონ დერ ლაიენი
The Guardian

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ევროპული პოლიტიკური ჯგუფები 25 ივნისს შეთანხმდნენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობას მეორე ვადით გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, სამი ცენტრისტული ჯგუფი შეთანხმდა პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ლაიენის დანიშვნის გარდა, პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიო კოშტა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრების თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნება, ხოლო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი გახდება.

გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერები აღნიშნულ შეთანხმებაზე თანხმობას 27 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე განაცხადებენ.

თუკი შეთანხმებულ პაკეტს ევროპარლამენტში მიიღებენ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტი დამატებით 5 წლით იქნება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კოშტა შარლ მიშელს ჩაანაცვლებს, ხოლო ჯოზეფ ბორელის მაგივრად საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კაია კალასი დაინიშნება.

კომენტარები