ევროპული საქართველო

იოსებ ბაბაევი უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად – ევროპული საქართველო

იოსებ ბაბაევი
კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ევროპული საქართველო ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის დაკავების ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ "ბაბაევს რეჟიმმა იარაღი ჩაუდო და მის მიერ მკაფიოდ გამოხატული ანტისამთავრობო, პროევროპული პოზიციის გამო" დააკავა.

"აქტივისტ იოსებ ბაბაევს რეჟიმმა იარაღი ჩაუდო და დააკავა მის მიერ მკაფიოდ გამოხატული ანტისამთავრობო, პროევროპული პოზიციის გამო.

ადვოკატის თქმით, რეჟიმი ბაბაევს პატიმრობაში ფიზიკურადაც გაუსწორდა. 

ეს არის საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების სამართლებრივი და ფიზიკური დევნის კამპანიის გაგრძელება რუსული რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა უკანონო და ძალადობრივი მეთოდის გამოყენებაზეა წამსვლელი. 

იოსებ ბაბაევი უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად და ეს ასეც მოხდება, როდესაც მოქალაქეები რეჟიმს არჩევნების გზით ხელისუფლებიდან გაისტუმრებენ. 

სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარი რეჟიმის წინააღმდეგ კონსენსუსის გაფართოებისთვის უნდა ზრუნავდეს, რათა ოქტომბერში დავასრულოთ პუტინისტურ ძალმომრეობასა და ბოროტებაზე მდგარი რეჟიმი და ხელახლა დავაბრუნოთ ქვეყანა ისტორიული მისიის შესრულების, თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობის გზაზე. 

არა რუსულ რეჟიმს!” - ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ხელისუფლება ბაბაევის დაკავების დროს მოქმედებდა პოლიტიკური დევნის მოტივით და როგორც მისთვის ცნობილია, აქტივისტი არის "ნაცემი და მას იარაღი ჩაუდეს".

"აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი, იოსებ ბაბაევი პოლიტიკური პატიმარია. ის აქტიური სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა, ჩართული იყო ანტი-საოკუპაციო კამპანიაში და მისი ბარ-რესტორანიც ამ შინაარსის მატარებელი იყო. ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის მოტივი ჰქონდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რამდენად ჩვენთვის ცნობილია,  ის არის ნაცემი და მას იარაღი ჩაუდეს.

ეს ადამიანი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ რეჟიმთან მარტო და მეორეს მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალია, რომ ეს რეჟიმი მალე გავისტუმროთ სახლში იმისთვის, რომ ბევრი ასეთი ამბავი არ მოხდეს". - თქვა ნონიაშვილმა.

იოსებ ბაბაევი გორში 4 ივნისის დააკავეს, ადვოკატისა და ახლობლების თქმით, ის რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.

"დააკავეს 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩაუდეს პისტოლეტი და ავტომატი. [...] დამსწრე არ დაისწრეს ჩხრეკის დროს, თვითონ მიიტანეს, განათავსეს ავტომანქანაში [იარაღი], შემდეგ დაიწყეს გადაღება, თითქოს პირველად გაჩხრიკეს.

ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკად, ტანსაცმელი შემოახიეს, თავზე, სახეზე აქვს დაზიანებები". - თქვა ბაბაევის ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები