4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და გაიმეორა, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების უფლება აქვს. ჩინეთმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებს.
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა და ლტოლვილთა მხარდამჭერი რეზოლუცია გაერომ სულ 17-ჯერ მიიღო. რეზოლუციის კენჭისყრა პირველად 2008 წელს, აგვისტოს ომამდე, 14 აპრილს გაიმართა და მხოლოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებოდა. 2009 წლიდან მიღებული რეზოლუციები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილებსაც ეხება.
გაეროს ციფრულ ბიბლიოთეკაში საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრების შედეგების მიხედვით, 2008 წლიდან დღემდე, ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი 16-ჯერ შეიკავა, 2022 წელს კი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რეზოლუციის წინააღმდეგაც მისცა ხმა.
- კობახიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეზოლუციაზე: მადლობა ჩინეთს, რომ შეინარჩუნა პოზიცია
-
ჩინეთის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია – პაპუაშვილი დევნილებზე გაეროს რეზოლუციაზე
გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციაზე გუშინ, 4 ივნისს გამართული კენჭისყრა ქართული ოცნების მთავრობის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ პირველია. ქართული ოცნების ლიდერებმა ჩინეთს რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან კიდევ ერთხელ თავის შეკავებისთვის მადლობა გადაუხადეს და პეკინის პოზიცია საქართველოს მხარდაჭერად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩინეთს საქართველოს მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია არ აქვს. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე არაფერი წერია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტშიც, რომლის პოლიტიკური განზომილების პირველივე პუნქტში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მხარეები პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ადასტურებენ, საქართველო კი მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.





