რუსული კანონი

კარდინი: გაუგებარია, რატომ უნდა მიეღო საქართველოს პუტინის სტილის კანონი

ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა ინტერვიუში ამერიკის ხმასთან რუსულ კანონსა და საქართველოში არსებულ რუსულ გავლენებზე ისაუბრა. სენატორმა რუსულ კანონს "პუტინის სტილის კანონი" უწოდა და თქვა, რომ გაუგებარია, თუ რა მიზეზით უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას ეს კანონი და შეეცვალა ქვეყნის კურსი. სენატორმა ასევე თქვა, რომ იგი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე მუშაობს. 

"მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს - ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ უნდა მოხდეს და რაც ქართველ ხალხს არ სურს. სენატორი შაჰინი და სენატორი რიში ამ კანონმდებლობაზე მუშაობენ. მე მათთან ერთად ვმუშაობ საგარეო საქმეთა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც ვარ და ნამდვილად განვიხილავთ იმას, რისი გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს.

მე ასევე შევხვდი ჩემს კოლეგებს და ვმუშაობ მათთან ერთად ევროპის სხვადასხვა პარლამენტში და რეგიონის მასშტაბით, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ["უცხოეთის აგენტების" კანონი] მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ასე რომ ამ ქმედებას შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით და განვიხილავთ [საქართველოში შექმნილ სიტუაციას] როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში. არ არსებობს [უთანხმოება] იმაზე, რომ ეს არასწორია, ეს უნდა შეიცვალოს- საქართველოს მომავალი რუსეთში არაა, საქართველოს მომავალი დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ევროპაშია." - ამბობს სენატორი კარდინი ინტერვიუში. 

სენატორის შეფასებით, თუ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული რეფორმების საშუალებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლად გამოხატვის უფლება და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობა შეიზღუდება, ეს ქვეყნის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულ აზრსა და საზოგადოების ხმას ჩაახშობს. "[მთავრობა] მიჰყვება ბატონი პუტინის რუსეთის მაგალითს" - ასე შეაფასა სენატორმა მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღების გადაწყვეტილება.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირები გამყარებულიყო. სულ რამდენიმე წლის წინ ვნახეთ, რომ საქართველომ არნახული წინსვლა განიცადა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და ევროპასთან ინტეგრაციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იქ გადაწყვეტილებების მიღებაში რუსეთი გარედან ერევა. ამის მთავარ მაგალითად კი გვესახება პუტინის რუსეთის სტილის "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონი", რომელიც ართულებს, თუ საერთოდ შეუძლებელს არ ხდის, რომ საქართველოში ხალხის ხმა გაიგონონ". - თქვა ინტერვიუს ბოლოს სენატორმა. 

ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ ინიცირებული "ქართველი ხალხის აქტის" კანონპროექტისა და ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული "MEGOBARI Act" კანონპროექტის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა დაანონსა. სავიზო შეზღუდვა შეეხება იმ პირებს, რომლებიც, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, "პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში", სავიზო შეზღუდვა გავრცელდება ამ პირების ოჯახის წევრებზეც. იმ პირების სია, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ, ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ასევე, ბლინკენის განცხადების მიხედვით, მოხდება აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა.

კომენტარები