ტერაქტი დაღესტანში

დაღესტანში მომხდარ ტერაქტებში ორი თავდამსხმელი ერთ-ერთი ოლქის გამგებლის შვილები იყვნენ

Baza / Telegram

რუსული ოპოზიციური მედია Meduza-ს ინფორმაციით, დაღესტანში მომხდარ ორ ტერაქტში სერგოკალინსკის ოლქის გამგებლის, მაგომედ ომაროვის ორი შვილი, ოსმან და ადილ ომაროვები, მონაწილეობდნენ. ტელეგრამ არხ Baza-ს ინფორმაციით, ტელეგრამზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელშიც თავდასხმის კადრებია ასახული, ოსმან ომაროვის მიერაა გადაღებული.

მედიაში ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Дождь-ის ინფორმაციით, მაგომედ ომაროვმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო მოგვიანებით, TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომაროვი სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. ტელეგრამ-არხ Baza-ს ცნობით, ომაროვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ამასთანავე, წყაროზე დაყრდნობით Interfax-ი წერს, რომ ორ ძმასთან ერთად თავდასხმაში მაგომედ ომაროვის ძმისშვილიც იღებდა მონაწილეობას. სამივე მათგანი კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოკლეს.


23 ივნისს რუსეთში, დაღესტნის ორ ქალაქში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, ტერაქტები მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საპოლიციო პუნქტს დაესხნენ თავს.

რუსული მედიის ცნობებით, თავდასხმის შედეგად დერბენტში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და შვიდი პოლიციელია მოკლული, ხოლო დაჭრილია 25 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტელეკომპანია Дождь-ი ასევე წერს, რომ დაღესტნის სამართალდამცავი სააგენტოს წყაროს მიხედვით, მომხდარი თავდასხმა შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან იყოს დაკავშირებული. 

კომენტარები