რუსული კანონი

სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და სანქციები – შაჰინისა და რიშის კანონპროექტი

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი

ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა წამოაყენეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებასა და სამოქალაქო საზოგადოების, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის სახელია "ქართველი ხალხის აქტი".

როგორც შაჰინისა და რიშის კანონპროექტშია ნათქვამი, მისი მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დაბლოკეს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ საქნციები დაუწესდეს მათ, ვინც მხარს უჭერდა რუსული კანონის დაწინაურებასა და მის მიღებას, ასევე ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ასევე, სანქციების სამიზნე გახდებიან პირები, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაარღვიეს ადამიანთა უფლებები.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აშშ-მ შესაძლოა შეწყვიტოს საქართველოს სამხედრო და მატერიალური დახმარება, შეჩერდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგი.

მთავრობის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესების საპასუხოდ კანონპროექტის მეორე ნაწილი ეხება საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რისთვისაც გამოყოფილი იქნება, სულ მცირე, 50 მილიონი დოლარი. ამას გარდა, კანონპროექტის მიხედვით უნდა მომზადეს ორი ანგარიში, რომელთაგან ერთი საქართველოში მავნე უცხოურ გავლენებს, მეორე კი პოლიტპატიმრების საკითხს შეეხება.

გთავაზობთ კანონპროექტის ტექსტს:

ქართველი ხალხის აქტი

გასულ წელს, როცა საქართველოს მთავრობამ პირველად დააინიციირა უცხოელ აგენტთა კანონპროექტი, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის აჟიოტაჟის პასუხად მთავრობამ კანონპროექტი საბოლოოდ გაიწვია, გასულ თვეში მათ ხელახლა წარადგინეს კანონპროექტის იგივენაირი ვერსია, რომელიც პარლამენტმა 14 მაისს მიიღო. კიდევ ერთხელ ჩატარდა მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები კანონისა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ. უცხოელ აგენტთა კანონპროექტი, რომელიც კანონად გადაქცევის გზას გადის, ჰგავს რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებულ კანონმდებლობას, რომელმაც კრემლის დემოკრატიულ ოპოზიციას ძირი გამოუთხარა.

აშშ-ს სენატორი ჯინ შაჰინისა და სენატორი ჯიმ რიშის მიერ ინიციირებული ქართველი ხალხის აქტი (GPA) შექმნის უფლებამოსილების ჩარჩოს კორუფციაში, ადამიანის უფლებათა დარღვევასა და უცხოელ აგენტთა კანონის  დაწინაურებაში ან მის მიღებაში დამნაშავე ქართველი პირების პასუხისგებისთვის. კანონპროექტი ასევე განასხეულებს აშშ-ს უწყვეტ თანადგომას ქართველი ხალხისადმი, რომლის უდიდესი უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.

კანონპროექტს აქვს ორი მიმართულება. პირველი:

  • ხაზს გაუსვამს იმ შედეგებს, რომლებიც დაუწესდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვაზე, კერძოდ:

    • სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნას, დაწესდეს მოგზაურობის შეზღუდვები იმ ქართველ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩართული იყვნენ უცხოელ აგენტთა კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში;

    • ახალი სანქციების უფლებამოსილებას საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ პირთათვის დაწესებისთვის;

    • სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნას, არსებული სანქციების უფლებამოსილებით დასანქცირდნენ ქართველი პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევასა და კორუფციაზე.

  • სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოს მიმართ, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვისა და შეერთებული შტატების მთავრობისთვის საქართველოს მთავრობის მატერიალური დახმარების ყველა დაფინანსების შეჩერების მოთხოვნის სახით.

  • მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას.

მეორე:

  • ხაზს გაუსვამს აშშ-ს სენატის ერთგულებას ამჟამინდელი მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისადმი.

  • გამოყოფს სულ მცირე 50 მილიონ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

  • სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (რედ. USAID) მოსთხოვს, დაადგინონ თუ რა სახით აჯობებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი დახმარება ამჟამინდელი მოვლენების ფონზე.

  • მოიცავს ორ მოხსენების მოთხოვნას, რათა (1) შეფასდეს საქართველოში უცხოური ბოროტი გავლენის მასშტაბები და (2) ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ძალისხმევა.

კომენტარები