რუსული კანონი

IBSU: გრძელდება სასწავლო პროცესი, ხელს შევუწყობთ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში

შავი ზღვის უნივერსიტეტი

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული სტუდენტის ინტერესის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი აგრძელებს სასწავლო პროცესს, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესებში ჩართულ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში - შავი ზღვის უნივერსიტეტი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"საქართველოს ევროინტეგრაცია ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო და არის ევროპული ღირებულებების ერთგული.

აქვე აღვნიშნავთ, რომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა არ ნიშნავდა ჩვენგან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, არამედ მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფას. საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული მხარე.

ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტების, ლექტორებისა და ადმინისტრაციის ნაწილი. ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მათგანის აზრი. უნივერსიტეტი ყოველთვის იცავდა და იცავს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული სტუდენტის ინტერესის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი აგრძელებს სასწავლო პროცესს, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესებში ჩართულ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში" - წერია შავი ზღვის უნივერსიტეტის განცხადებაში. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა. 

14 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა. 

13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს. 

გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ აქციის ძალადობრივად დაშლის, მომიტინგეების ცემისა და დაკავებების პარალელურად, იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვა დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები