რუსული კანონი

ქაცარავა: თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ზედა ყბა დამტვრეული – ტვინის შერყევაც

დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ მას სპეცრაზმელებმა უმოწყალოდ სცემეს, რის შედეგადაც ჩაემტვრა თვალბუდის ძვალი, დაემტვრა ზედა ყბა და ასევე, აქვს ტვინის შერყევა.

"დაახლოებით, 30-40 წუთის განმავლობაში სპეცრაზმელებმა 4-ჯერ მცემეს - უმოწყალოდ და გამეტებით [...] მათ სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ, რომელსაც ისეთი გამონაზარდები აქვს, რაც, ფაქტობრივად, კასტეტის ფუნქციას ასრულებს [...] თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ზედა ყბა კი დამტვრეული. გარდა ამისა, თავზე მაქვს სერიოზული ჰემატომები და საკმაოდ მძიმე ფორმის ტვინის შერყევა. ოპერაცია ჩამიტარდა და პლასტინა ჩამიდგეს". - თქვა ქაცარავამ TV პირველთან საუბარში.

ქაცარავა ამბობს, რომ მისი დაკავება და ცემა შეკვეთილი იყო. 

"სურათები გადაიღეს და თავის დამკვეთებს გაუგზავნეს [...] ეს რომ მათი პირადი ინიციატივა არ იყო, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს შეკვეთილი ეგზეკუცია იყო". - ამბობს ქაცარავა.

ქაცარავა ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დავით ქაცარავა 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

კომენტარები