რუსული კანონი

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება. ახლა პარლამენტი კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოყენებას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის მარტში მოქალაქეების პროტესტის შედეგად გაწვეული რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა.  ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. რეჟიმმა არ გაითვალისწინა არც ათი ათასობით მოქალაქის პროტესტი, არც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები და არც უცხოელი პარტნიორების მოწოდებები, არ მიეღო რუსული კანონი და არ დაეყენებინა საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპული მომავალი.

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 მაისს თქვა, რომ შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის ფარგლებში შეჯერდეს პოზიციები. მისი თქმით, არის ორი კვირა, 14-28 მაისის პერიოდში, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან.

"ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი... მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი... პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ, რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში...

[მზად ვართ ცვლილებებისთვის], რა თქმა უნდა, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას, მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი" - თქვა კობახიძემ.

პრემიერმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო ტენდენციები "კარგია" და "კონსტრუქციულობის ელემენტებს" ხედავს.

"მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს – ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება, იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აქ უკვე, პრინციპში, ჩვენი პარტნიორები, იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. თქვენ იცით, ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე, მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის. დისკუსიისთვის ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა" - თქვა კობახიძემ.

თუმცა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "კანონის გასაპატიოსნებლად" თამაშში შესვლას არ აპირებს. 

"გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნება არის - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი, ძალიან მარტივი, თქვენ თვითონ ძალაში ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ და გადაიტანეთ, გთავაზობთ, 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე ბინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის, ეს კანონი არის რაღაცა სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის და რას მოერგება.

ჩემი იმედი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაცა კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსული და, სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები