რუსული კანონი

არც ერთი კანონი ასეთ დაპირისპირებად არ ღირს - ივლიანე ხაინდრავამ მრჩევლის პოსტი დატოვა

ივლიანე ხაინდრავა

ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა - ამის შესახებ მან ინფორმაცია ტაბულას დაუდასტურა.

"[ეს ეხება] არამხოლოდ კანონს, არამედ ყოველივე იმას, რამაც ეს კანონი გამოიწვია. ჩემი აზრით, არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ". - გვითხრა ივლიანე ხაინდრავამ.

13 მაისს, მშვიდობიანი საპროტესტო ღამისთევის დარბევის შემდეგ და პროტესტის ფონზე იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონის III მოსმენით მიღებას 1 წუთში დაუჭირა მხარი. ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა 14 მაისს ჩატარდება, სადაც რუსულ კანონს III მოსმენით მიიღებენ. 

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები