რუსული კანონი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს 15 აპრილს განიხილავს

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით ორშაბათს, 15 აპრილს განიხილავს. იქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის განხილვას კომიტეტი პარასკევს, 12 აპრილს დაიწყებდა.

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს დაარეგისტრირა.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები