რელიგიური შეუწყნარებლობა

ნაკაიძე ადიგენზე: სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს რეაგირება ამ ყველაფერზე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს რეაგირება ადიგენის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.  

"მართლაც მძიმე ფაქტი იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, აქ სახელმწიფო არის ვალდებული, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ამ ყველაფერზე და არ წავიდეს იმაზე, რომ რაღაც შეთანხმებებზე იყო საუბარი და რაღაც თემებზე. 

ცალსახად და მნიშვნელოვანია - საქართველო ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოიწყოს სამლოცველო და შესაბამისად, მან შეასრულოს საკუთარი ლოცვები. ეს ცალსახაა და ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, მაგრამ როცა საუბარია საზოგადოებრივ-სახალხო პოლიტიკაზე ამ შემთხვევაში და რაღაც შეთანხმებებზე, მე ვიცი ამ შეთანხმების შესახებ.

იყო საუბარი, რომ სხვა სოფელში გადატანილიყო აღნიშნული დაწესებულება, ამისთვის სახელმწიფო გაიღებდა შესაბამის თანხებს და მისცემდნენ ამ ტერიტორიის სანაცვლოდ სხვა სოფელში. ამაზე მუსლიმი თემი, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან, თანახმა იყვნენ, მაგრამ პრაქტიკულად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ ის თანხებს არ მისცემდა აღნიშნულ ორგანიზაციას, რადგან ის არ სცნობს აღნიშნილ მუსლიმებს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როცა სახელმწიფო, პრაქტიკულად, ამ ყველაფრის სათავეშია და პრობლემას ქმნის" - ამბობს ნაკაიძე ფორმულასთან. 

რეგიონული მედია ბათუმელების ინფორმაციით, 8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. 

ვიდეოში, რომელიც მედიამ გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილ პირებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ.

მუფთი ასლან აბაშიძის თქმით, მღვდელმა, რომელსაც, მისი ცნობით, ნიკოლოზი ჰქვია, მსგავსი რამ გასულ პარასკევსაც სცადა.

"ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს. რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მიჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები. დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე. ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ." – თქვა აბაშიძემ ბათუმელების ცნობით.

კომენტარები