ტაივანი

ტაივანში პიკის საათის დროს ბოლო წლებში უდიდესი მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა 4 ადამიანი

ნახევრად წაქცეული შენობა ტაივანში

3 აპრილს ტაივანში ბოლო 25 წელში უდიდესი მიწისძვრა მოხდა. კატასტროფის შედეგად დაზიანდა შენობები და გზები, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავებულია 57-მდე პირი. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე, პიკის საათის დროს მოხდა.

მიწისძვრა 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მისი ეპიცენტრი კუნძულის აღმოსავლეთში, ჰუალიენის რეგიონში მდებარეობდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპული 4 ადამიანიდან 3 იყო მოლაშქრე, რომლებიც ტაროკოს ეროვნულ პარკში კლდის ჩამოშლამ იმსხვერპლა. ეს პარკი ეპიცენტრის მახლობლად მდებარეობს.

ამას გარდა, ჰუალიენის პროვინციაში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაინგრა, რის შედეგადაც შენობა ნაწილობრივ წაიქცა და 45°-ით გადაიხარა.

დედაქალაქ ტაიბეიში ძველ შენობებს გარე ფასადის ნაწილები ჩამოეშალა. საჭირო გახდა სკოლებიდან ბავშვების ევაკუაცია. 

კუნძულზე შეიზღუდა რკინიგზით გადაადგილება. ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე კლდეების ჩამოშლის შედეგად ზოგიერთი გვირაბითა და გზით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. დაზიანდა ავტომობილებიც.

კომენტარები