ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რაფაზე საჰაერო იერიშის ფონზე, აშშ ისრაელს მოუწოდებს, დაგეგმილი შეტევა არ დაიწყონ

REUTERS/Mohammed Salem

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთში ქალაქ რაფაზე საჰაერო იერიში დაიწყო. პარალელურად, აშშ ისრაელს მოუწოდებს, რაფაზე დაგეგმილი შეტევა არ დაიწყონ. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ აშშ ისრაელს, მოუწოდებს სამხედრო, სადაზვერვო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე მომუშავე პერსონალის ჯგუფები ვაშინგტონში ჩავიდნენ და რაფაზე შეტევა სიღრმისეულად განიხილონ

პალესტინური წყაროების ცნობით, ისრაელის პირველ სარაკეტო იერიშებს რაფაში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ბოლო საჰაერო იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

უახლოეს მომავალში ისრაელი რაფაზე სახმელეთო შეტევის დაწყებასაც გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაში სახმელეთო ოპერაციის გეგმა 15 მარტს დაამტკიცა. ისრაელის ცნობით, რაფაში ჰამასის სამხედრო ნაწილის მეექვსედი, ოთხი ბატალიონი ქალაქ რაფაში იმყოფება.

როგორც ცნობილია, ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი პალესტინელი ეგვიპტის საზღვართან, ქალაქ რაფაშია. სამოქალაქო პირების გარდაცვალების მოსალოდნელი დიდი რაოდენობის გამო ისრაელის რაფაზე დაგეგმილ თავდასხმას აკრიტიკებენ. აშშ ბოლო კვირების მანძილზე ისრაელს მოუწოდებს რაფაზე სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყონ. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რაფაზე შეტევა ისრაელის შეცდომა იქნება.

რაფას შეტევის პარალელურად კატარში ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები