დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: არ უნდა დავუშვათ ომი, ამიტომ ვთვლით საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას

ნიკოლ ფაშინიანი ტავუშის პროვინციაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, 2024 წლის 18 მარტი.
Քաղաքացիական պայմանագիր

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბრების ფონზე აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტავუშის პროვინციის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. ფაშინიანი ესაუბრა ვოსკეპარის, ბაღანისა და სხვა სასაზღვრო სოფლების წარმომადგენლებს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი პრაქტიკულ დონეზე ადის. პრემიერის თქმით, მისი მთავრობის პოლიტიკა ომის არიდებაა. 

"ვხედავთ, რომ შესაძლებელია დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყების რეალიზება ამ ნაწილიდან, ბაღანისიდან ბერქაბერამდე. ჩვენი პოლიტიკა არის ომის დაუშვებლობა, არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების კორექტირება ამ რეგიონებში. ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკისთვის, არამედ კონკრეტულად სოფელი ვოსკეპარისთვის, სოფელი კირანცისთვის, რათა უზრუნველვყოთ ამ სოფლების უსაფრთხოება." – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს აჩვენა სომხეთის იგივე მოხაზულობა, რომელიც მას 12 მარტის პრესკონფერენციაზეც ეჭირა.

ბაქო სომხეთისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ 4 სოფელი ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.

აქამდე, 12 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაწყებულიყო. სასაზღვრო სოფლების მოსახლეობას ეშინია, რომ თუ ზემოხსენებული ანკლავური ტერიტორიები აზერბაიჯანს გადაეცემა, შესაძლოა თავად ბლოკადაში აღმოჩნდნენ.

კომენტარები