რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

სი ძინფინგმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, დასავლეთმა - გააკრიტიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი პეკინში შეხვედრისას, 18 ოქტომბერი, 2023
Sergei Guneyev | Afp | Getty Images

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო, რასაც მსოფლიოში სხვადასხვა რეაქციები მოჰყვა. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის არჩევნები გააკრიტიკეს, რადგან, მათი თქმით, პროცესი არადემოკრატიულად და არასამართლიანად წარიმართა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, "რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმისადმი ყველა სახის ოპოზიციის წინააღმდეგ გაზრდილი დევნის ფონზე ჩატარდა".

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებმა "რეპრესიების სიღრმეს" გაუსვა ხაზი, ხოლო გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, ქვეყნის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტინს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს, რადგან, მისი თქმით, შედეგები "წინასწარ იყო გადაწყვეტილი".

ამასთანავე, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს თეთრი სახლიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები "აშკარად უსამართლო" იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის "არჩევნების იმიტაციას" ლეგიტიმაცია არ აქვს.

ამას გარდა, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაგმეს ის ფაქტი, რომ რუსეთმა არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარა.

პარალელურად, ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ მიულოცეს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციას გააგრძელებს და "უსაზღვრო" პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

"მე მჯერა, რომ თქვენი ლიდერობის ქვეშ, რუსეთი უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს ეროვნული განვითარებისა და მშენებლობის მხრივ". - უთხრა ჩინეთის ლიდერმა პუტინს.

ხოლო ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია KCNA-ის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პუტინს მილოცვის წერილი გაუგზავნა.

კომენტარები