ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუმ რაფაში IDF-ს სახმელეთო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა

ისრაელის ტანკი ღაზის სექტორის საზღვართან, 3 დეკემბერი, 2023
Getty Images

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა

"IDF ოპერაციისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არის". - წერია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც ომის კაბინეტის კრების შემდეგ გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასის შეთავაზებული პირობები ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისთვის, კერძოდ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ზავი, "ისევ აბსურდულია". თუმცა, პრემიერის თქმით, ისრაელელ დელეგატებს კატარში ზავის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მაინც გაგზავნის.

მანამდე, ისრაელის ომის კაბინეტის მეთაურმა, ოპოზიციური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერმა ბენი განცმა აღნიშნა, რომ თუ მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს, ქალაქ რაფაზე იერიშს დაიწყებენ. წელს რამადანი 10 მარტს დაიწყო.

"მსოფლიომ უნდა იცოდეს, ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ - თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლა ყველგან გავრცელდება, რაფას ჩათვლით". - თქვა ბენი განცმა.

დღეს, 15 მარტს, Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჰამასმა კონფლიქტის მედიატორებსა და აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა, რომლის მიხედვით, ჰამასი მზად არის დააბრუნოს ისრაელელი ტყვეები პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. 

ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია აღნიშნა, რომ ჰამასის პოზიციები "არარეალისტურ მოთხოვნებზე" არის დამყარებული.

კომენტარები