მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ჩვენი დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიჰაი პოპშოის თქმით, რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს. ამის შესახებ მან AP-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ვიცით, რომ კრემლი აპირებს დიდი ენერგიისა და ფინანსური რესურსების ინვესტირებას მარიონეტების მეშვეობით საკუთარი მიზნების მისაღწევად. ისინი ცდილობენ ამომრჩევლების მოსყიდვას და მათ მოსასყიდად ისინი მოლდოვის მოქალაქეებს იყენებენ. რუსები სწავლობენ და ადაპტირდებიან, ისინი ცდილობენ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, რათა ჩამოაგდონ დემოკრატიული მთავრობა მოლდოვაში". - თქვა პოპშოიმ.

ამავდროულად, პოპშოის თქმით, დნესტრისპირეთთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და ამ საკითხზე სპეკულირება, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს მოლდოვაში ინვესტიციებზე.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოლდოვის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რუსეთის პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.

"რუსეთის პროპაგანდამ NATO აქცია საფრთხობელად, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს NATO-ს პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში". - თქვა პოპშოიმ.

კომენტარები