ქართული ლეგიონი

მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მამუკა მამულაშვილი
Ukrainska Pravda

უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

"მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამულაშვილ ზურაბის ძე უშანგის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფეარდა ორთვიანი პატიმრობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე გამოცხადებულია ფედერალური და საერთაშორისო ძებნა." – უთხრეს სასამარლოში რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიას.

მოსკოვის სასამართლო უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს მოქირავნეობასა და "მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სიძულვილის გაღვივებაზე" ედავება. მამულაშვილზე რუსეთის შსს-მ ძებნა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

ქართული ლეგიონი 2014 წელს დაარსდა და მონაწილეობას იღებდა დონბასში მიმდინარე ომში. დანაყოფი თანდათან გაიზარდა და დღეს მასში სხვა უცხოელებიც შედიან.


როგორც გასულ ამ თვის დასაწყისში საგამოძიებო პროექტი Медиазона-ს მიერ გავრცელებული მასალებიდან გაირკვა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილ უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.

მედიაზონამ შეძლო დაედგინა მოპოვებული ჩამონათვალიდან 36 ქვეყნიდან 396 სხვადასხვა პირის ვინაობა, რომლებიც უკრაინის მხარეს მებრძოლთა სიაში შედიან. აქამდე, თებერვალში რუსეთის პრეზიდენტს შეატყობინეს, რომ იძებნებოდა 593 დაქირავებული მებრძოლი 46 ქვეყნიდან.

396 ადამიანიდან ყველაზე მეტი, 100 ადამიანი, არის ქართველი. შემდეგ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი - 93 მებრძოლით, ბელარუსი - 61 მებრძოლით, ისრაელი - 23 მებრძოლით, აშშ - 21 მებრძოლით, გერმანია - 14 მებრძოლით, ბრაზილია - 10 მებრძოლით, ფინეთი - 6 მებრძოლით, საფრანგეთი - 5 მებრძოლით და სხვა ქვეყნებიდან კიდევ 63 პირი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეების, რომლებსაც თავად დაქირავებულებს ეძახის, შესახებ თქვა, რომ ქართველები რაოდენობით მესამე ადგილზე იყვნენ, პოლონელებისა და ამერიკელების შემდეგ.

"იქ არიან დაქირავებულები შეერთებული შტატებიდან. ყველაზე მეტი დაქირავებული არის პოლონეთიდან, მეორე ადგილზე აშშ-დან არიან, მესამეზე კი - საქართველოდან." – ამბობდა პუტინი.

კომენტარები