ქართული ლეგიონი

მამულაშვილი მუქარის ვიდეოზე: მორიგი რუსული პროვოკაციაა, ქართულ ლეგიონთან კავშირი არ აქვთ

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინაში მებრძოლი მოხალისეთა ფორმირების, ქართული ლეგიონის ლიდერი, მამუკა მამულაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოს, რომელში ჩანს სამი პირი, თითქოსდა ლეგიონის წევრები. მამულაშვილი ჩანაწერს რუსულ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიზანი ქართული ლეგიონის დისკრედიტაციაა. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სამი პირი, რომელთაც ქართული ლეგიონის შევრონები უკეთიათ. შუაში მდგომი პირი უცნაური აქცენტით საუბრობს და ამბობს მუქარის შემცველ ტექსტს. 

"მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სამი ნიღბიანი პიროვნება ქართული ლეგიონის შევრონებით აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ძალადობით, ქალებსა და ბავშვებს კი გაუპატიურებით ემუქრება.

ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიდეოში გამოსახულ პირებს არანაირი კავშირი ქართულ ლეგიონთან არ აქვთ.

რაც შეეხება გაჟღერებულ მუქარებს, მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვებისა და ქალების მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა და სხვა სამხედრო დანაშაულები სწორედ რუსი ოკუპანტების ჩვეული მეთოდია, რასაც ისინი არც მალავენ, მათ შორის კრემლის სხდომათა დარბაზში გაკეთებულ განცხადებებშიც". – წერს მამუკა მამულაშვილი.

კომენტარები