მამუკა მამულაშვილი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართული ლეგიონის მეთაური ძებნილთა სიაში შეიყვანა

The Economist

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთში ძებნილთა სიაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, "უშანგი მამულაშვილი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან საომარ მოქმედებებში მებრძოლთა დაქირავებისა და მონაწილეობის საქმის ფარგლებში რუსეთში დაუსწრებლად იყო დაკავებული, სისხლის სამართლის მუხლით ძებნილთა სიაშია შეყვანილი". ამასთან, მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი მუხლით მიმდინარეობს ძიება.

მამუკა მამულაშვილი აღნიშნულს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა: "საოცარია, როგორ გაუსწრეს (ქართულ) ოცნებას".

აქამდე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ ორი საქმე იყო რუსეთში აღძრული - "დაქირავებული ბოევიკების დაკომპლექტებისა" და "ჯარის მიმართ სიძულვილის გაღვივების" ბრალდებით.

ქართული ლეგიონის 70-ზე მეტ წევრს რუსეთში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ქართული ლეგიონის მებრძოლებმა რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დანაშაული ჩაიდინეს. მათივე თქმით, მამულაშვილმა, საჯარო განცხადებები გააკეთა რუსი სამხედროების წამებისა და მკვლელობის განზრახვის შესახებ.

თავად მამუკა მამულაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ყველა ეს განცხადება სიცრუეა - მათი მიზანი უკრაინის მხარეს მებრძოლი დანაყოფის დისკრედიტაციაა.

კომენტარები