ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნაია: მომეცით ჩემი ქმრის ცხედარი, გვინდა მისი ადამიანურად, მიწაში დაკრძალვა

იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუსეთის ხელსუფლებას ქმრის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.

"დღეს მეცხრე დღეა, რაც ჩემი ქმარი დაიღუპა. ცხრა დღეა, რაც პუტინმა ალექსეი ნავალნი მოკლა. თუმცა, პუტინს მკვლელობა ეცოტავა. ახლა მისი ცხედარი ჰყავს ტყვეობაში და დასცინის მის დედას, აიძულებს, დათანხმდეს საიდუმლო დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ემუქრებიან, რომ მას თავად დაკრძალავენ სწორედ იმ კოლონიაში, სადაც მოკლეს.

რამდენიმე დღეა ალექსეის დედას აწამებენ: გამომძიებელი მას ატყუებს, აშანტაჟებს და კვლავ ატყუებს, ჰპირდება რომ ყველაფერი მოგვარდება, მხოლოდ დათანხმება და მხოლოდ ხელმოწერაა საჭირო. მშვენივრად ვხვდები, რომ ეს არ მოუგონია სალეხარდის გამომძიებელს, ყველაფერს პუტინი ხელმძღვანელობს და განკარგულებებს გასცემს: "არ მისცეთ, ზეწოლა მოახდინეთ დედაზე, გატეხეთ ის, უთხარით, რომ მისი შვილის ცხედარი იხრწნება. ნავალნის ან ჩემი პირობებით დაკრძალავენ, უცნობი სასაფლაოს შორეულ კუთხეში, საიდუმლოდ, რომ ვერავინ შეძლოს მასთან გამომშვიდობება, ან საერთოდ არ გადავცემ".

აი, ასეთ პირობებს აყენებს პუტინი. ის პუტინი, რომელსაც უყვარს იმის დემონსტრირება, რომ მორწმუნე ქრისტიანი. ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ მისი რწმენა ყალბია, თუმცა ამას ახლა ცხადად ვხედავთ. არცერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ გააკეთებდა იმას, რასაც პუტინი აკეთებს გარდაცვლილი ალექსეის მიმართ. ის, რასაც ახლა პუტინი აკეთებს, ეს ზიზღია. არა, რაღაც სატანიზმი, წარმართობა. მომეცით ჩემი ქმრის ცხედარი. გვინდა, მისთვის პანაშვიდის გადახდა და ადამიანურად, მიწაში დაკრძალვა. თქვენ აწამებდით მას სიცოცხლეში, ახლა კი, გარდაცვლილს აწამებთ. ყოველგვარ კანონებს არღვევთ, როგორც ადამიანურს, ისე საღვთოს". - ამბობს ნავალნაია.

ლიუდმილა ნავალნაიამ შვილის ცხედარი გუშინ, 22 თებერვალს ქალაქ სალეხარდში ნახა. როგორც იგი ამბობდა, გამომძიებლები მას აშანტაჟებენ, რათა რუსი ოპოზიციონერი ფარულად დაასაფლავონ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკლეს. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.

2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

 

კომენტარები