აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ხუთი ევროპული ქვეყნის დასკვნას "შემაშფოთებელი" უწოდა და თქვა, რომ აშშ მას ეჭვქვეშ არ აყენებს.
ამის შესახებ რუბიომ ბრატისლავაში სლოვაკეთის პრემიერთან, რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"რა თქმა უნდა, დასკვნის შესახებ ვიცით. შემაშფოთებელი დასკვნაა. ბატონი ნავალნის საქმის შესახებ ვიცით და, რასაკვირველია [...] არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ". - თქვა რუბიომ.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ შეუერთდა აშშ ევროპული ქვეყნების განცხადებას, რუბიომ უპასუხა, რომ ეს დასკვნა ევროპული ქვეყნების ძალისხმევის შედეგია, რომელიც მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო ინფორმაციას ეფუძნება. სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ აშშ მას არ ეწინააღმდეგება.
"ეს დასკვნა ამ ქვეყნებმა გამოიტანეს. მათ გაუწიეს კოორდინაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შედეგს არ ვეთანხმებით. ეს უბრალოდ ჩვენი ძალისხმევა არ ყოფილა. ზოგჯერ ქვეყნები თვითონ აკეთებენ რამეს იმის საფუძველზე, რა სადაზვერვო ინფორმაციაც აქვთ შეგროვებული. [...] ამ ქვეყნებთან კამათს არ ვიწყებთ, მაგრამ ეს მათი დასკვნა იყო და მათ გამოაქვეყნეს". - თქვა რუბიომ.
ცნობისთვის, ხუთი ევროპული ქვეყნის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების მთავრობებმა 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 2024 წელს გარდაცვალებამდე, ისრის ბაყაყის ტოქსინით, სახელად ეპიბატიდინით, მოწამლეს.
14 თებერვალს გამოცემა Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების ლაბორატორიებმა ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისი ბიოლოგიური ნიმუშები მიიღეს და ერთხმად დაასკვნეს, რომ ოპოზიციონერი ეპიბატიდინით მოწამლეს.





