ალექსეი ნავალნის სიკვდილი

The Insider: მოპოვებული დოკუმენტებით, ნავალნი ციხეში მოწამლეს, მუცლის ტკივილს, კრუნჩხვებს უჩიოდა

The Insider-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში მოწამლეს. გამოცემამ მათ მიერ მოპოვებულ ასობით ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ სიკვდილამდე ნავალნი მუცლის მწვავე ტკივილს, ღებინებასა და კრუნჩხვებს უჩიოდა, ხოლო ეს სიმპტომები რუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დამალა.

გამოცემამ, მათ შორის, ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების ორი ვერსია მოიპოვა. როგორც The Insider წერს, განკარგულების ადრინდელ ვარიანტში ნახსენებია, რომ ნავალნის მოწამვლისთვის სახასიათო სიმპტომები აწუხებდა, საბოლოო ვერსიაში კი ეს ინფორმაცია სპეციალურად არის ამოღებული.

გამოცემა წერს, რომ სიკვდილის ადგილზე აღწერილი საგნების სიაზეც აქვთ წვდომა, რომელშიც "ამოღებინებული მასის ნიმუშები" არის ნახსენები.

გამოცემა რეანიმატოლოგ ალექსანდრ პოლუპანს ესაუბრა, რომელიც ნავალნის 2020 წელს ომსკის საავადმყოფოში Новичк-ით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მისი თქმით, დოკუმენტებში მოცემული სიმპტომები სიკვდილის ოფიციალურად გამოცხადებულ მიზეზს არ შეესაბამება.

"სიკვდილის ოფიციალური ვერსია - გულის რიტმის დარღვევა - ვერანაირად ვერ ახსნიდა იმ სიმპტომებს, რომლებსაც დოკუმენტებში ვხედავთ: მუცლის მწვავე ტკივილი, ღებინება და კრუნჩხვები. ამგვარი სიმპტომები მოწამვლის გარდა სხვა რამით ძნელად აიხსნება. მუცლის ტკივილსა და კრუნჩხვებს შორის დროის მცირე მონაკვეთი იმაზე მიუთითებს, რომ ეს, მაგალითად, ორგანოფოსფატური ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო (ამავე კლასს განეკუთვნება ასევე Новичок-ი), ოღონდ გამოყენებული იყო არა კანიდან შეღწევით, არამედ შინაგანი შეღწევით". - თქვა პოლუპანმა.

The Insider-ი აღნიშნავს, რომ პოპულანის დასკვნას მათ მიერ გამოკითხული სხვა სპეციალობის მქონე სხვა ექიმებიც ეთანხმებიან.

კომენტარები