რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებში რეგისტრაციის შესახებ ნადეჟდინის სარჩელი უარყო

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ბორის ნადეჟდინი
Ria

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნადეჟდინის სარჩელი, რომელიც რუსეთის ცესკო-ს მხრიდან მისთვის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარის თქმას ეხებოდა. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ნადეჟდინის სარჩელის დაკმაყოფილება უარყოფილ იქნას". - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

სასამართლოს თქმით, გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არ შესულა და სააპელაციო ინსტანციაში მისი გასაჩივრება ისევ არის შესაძლებელი. 

ნადეჟდინის თქმით, "უარს არ შეეგუება" და სასამართლოს გადაწყვეტილებას ხუთი დღის განმავლობაში გაასაჩივრებს. 

რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის ინფორმაციით, საქმეს დაახლოებით 9 საათის განმავლობაში განიხილავდნენ და 10-ზე მეტი თვითმხილველი დაკითხეს. თავად ნადეჟდინი სასამართლოს მოსმენას არ ესწრებოდა.

"ცესკო-ს ქმედებებს მეწვრილმანეობის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ". - თქვა საქმეზე ნადეჟდინის წარმომადგენელმა. 


8 თებერვალს რუსეთის ცესკომ ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატი, ბორის ნადეჟდინს არჩევნებზე არ დაარეგისტრირა.

"არ ვეთანხმები ცესკოს გადაწყვეტილებას. თითქმის 200 000 ხელმოწერა შევაგროვე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ხელმოწერებს ღიად და პატიოსნად ვაგროვებდით. ჩვენს შტაბებთან რიგები იდგა. 

2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელზეც უარს არ ვიტყვი. ცესკოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასამართლოში გავასაჩივრებ". – თქვა ნადეჟდინმა.

5 თებერვალს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო პრეზიდენტობის კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის ხელმოწერების 15%. ამის შესახებ ინფორმაციას ნადეჟდინის საარჩევნო შტაბის წევრები ავრცელებენ.

"კომისიის სხდომა დასრულდა, გამოვიტანე საბუთები, 15.348% ბათილად ცნეს, წინ ორი უძილო ღამე მელოდება". – დაწერა ნადეჟდინის შტაბის წევრმა, იგორ არტემიევმა.

ამჟამინდელი კანონმდებლობით კანდიდატის ხელმოწერების მხოლოდ 5%-ის ბათილად ცნობაა დასაშვები. 

ნადეჟდინმა თქვა, რომ მზად არის იბრძოლოს ხელმოწერებისთვის:

"9209 ბათილი ხელმოწერიდან საკმარისია დაახლოებით 4500 ხელმოწერის ხელიდან გამოგლეჯა". 

გამოცემა 7x7-ის ცნობით, ცესკომ 2500 ხელმოწერა გააუქმა, იმიტომ რომ ხელმოწერების გასწვრივ თარიღები მოგვიანებით იყო ჩაწერილი.

ნადეჟდინი პარტია სამოქალაქო ინიციატივის ლიდერია. ოპოზიციონერი პოლიტიკოს ღიად აკრიტიკებს პუტინს და უკრაინაში ომის დაწყებას დღევანდელი ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს.

კომენტარები