ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), შინ ბეთმა და ისრაელის პოლიციამ რაფაჰში საერთო ოპერაციის შედეგად, ჰამასის ტყვეობიდან ორი მძევალი, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი გაათავისუფლეს. ისინი ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას ნირ-იცხაკის კიბუციდან გაიტაცა.
გათავისუფლებული მძევლები ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
"ძალიან გახარებული ვაცხადებ, რომ ამ საღამოს ორი გათავისუფლებული მძევალი ჩამოვიდა აქ, შებას სამედიცინო ცენტრში, ისრაელის უდიდეს საავადმყოფოში. ისინი ჩვენს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მივიღეთ, ჩვენი სასწრაფო დახმარების პერსონალის მიერ პირველადი შემოწმებები ჩაუტარდათ და ახლა სტაბილურ მდგომარეობაში არიან". - თქვა პროფესორმა არნონ აფეკმა, შებას სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.
IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, თქვა, რომ ოპერაციაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ და მის განსახორციელებლად დიდი ხანი იცდიდნენ, რათა გეგმა შესაბამისი პირობებში შეესრულებინათ. მისივე თქმით, რაფაჰის გულში შეღწევა რთულ მიზანს წარმოადგენდა.
"ძალებმა სამიზნეს შეფარვით მიაღწიეს დაახლოებით 1 A.M.-ზე, და ძალიან კომპლექსური ქმედება ჩაატარეს ადგილზე და მეორე სართულზე, სადაც მძევლები იმყოფებოდნენ". - თქვა ჰაგარიმ.
ჰაგარის თქმით, ოპერაციის შედეგად "მრავალი ტერორისტი განადგურდა", მათ შორის სამი, რომელიც იმ შენობაში იმყოფებოდა, სადაც მძევლები იყვნენ.
"კიდევ 134 მძევალი გვყავს და გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რათა სახლში დავაბრუნოთ". - თქვა ჰაგარიმ.
მძევლები ისრაელში არგენტინიდან ჩავიდნენ და არგენტინის მოქალაქეები იყვნენ. მათ გათავისუფლებას არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა და ისრაელის უწყებებს მადლობა გადაუხადა.
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ისრაელის თავდაცვის ძალებს, შინ ბეთსა და ისრაელის პოლიციას არგენტინელების, ფერნანდო სიმონ მარმანისა და ლუის ჰარის, წარმატებით გათავისუფლებისთვის". - წერს მილეის ადმინისტრაცია X-ზე.