დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ამერიკელი სამხედროების სიკვდილის საპასუხოდ აშშ-მ პროირანული ჯგუფების 85 სამიზნეს დაარტყა

A-10C Thunderbolt II "Warthog" რომელიც 2 თებერვლის იერიშების დროს გამოიყენეს

აშშ-მ იორდანიაში 3 ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 85-ზე მეტ სამიზნეზე საპასუხო იერიშები მიიტანა.

სამიზნეებს შორის იყო მართვის შტაბები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტების, დრონებისა და საბრძოლო მასალების საცავები და სხვა ობიექტები, რომლებიც დაკავშირებული იყო IRGC-ის ელიტარულ ყუდსის ძალებთან და პროირანულ დაჯგუფებებთან. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადების მიხედვით, დარტყმები გაგრძელდება.

"ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის ჩვენ მიერ შერჩეული დროისა და ადგილების შესაბამისად გაგრძელდება. აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში კონფლიქტი არ სურს, მაგრამ ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდა, დაე იცოდნენ: თუ ზიანს მიაყენებთ ამერიკას, ჩვენ პასუხს გაგცემთ". – თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ამერიკის საპასუხო ქმედებების დასაწყისია და აქვთ დამატებითი ბრძანებები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წინააღმდეგ სამოქმედოდ.

იერიშების მისატანად აშშ-მ გამოიყენა სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის შორი მანძილის ბომბდამშენები, რომლებიც ამერიკის ტერიტორიიდან აფრინდნენ. იერიშები შესრულდა 125-ზე მეტი მაღალი სიზუსტი საბრძოლო მასალით.

აშშ-მ იერიშები მას შემდეგ მიიტანა, რაც ამერიკაში იორდანიაში დაღუპული სამხედროების ცხედრები ჩამოასვენეს. ცერემონიაში მონაწილეობას ბაიდენი და ოსტინიც იღებდნენ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, სადაც აშშ-ს დარტყმების შედეგად გამოჩენილი აფეთქებები ჩანს.

აქამდე, 2 თებერვალს ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმუქრებოდა, რომ თავს "დაუნდობელ ძალას არ დააჩაგვრინებდნენ" და ომს არ დაიწყებდნენ, თუმცა "მკაცრ პასუხს" გასცემდნენ.

ჯერჯერობით უცნობია ემსხვერპლნენ თუ არა დარტყმებს ირანული და პროირანული ჯგუფების წევრები. სირიის სამთავრობო მედიაში გავრცელდა ცნობა დაღუპულთა შესახებ, თუმცა მათ რიცხვი არ დაუსახელებიათ. დიდ ბრიტანეთში განთავსებული სირიის სადამკვირვებლო ჯგუფები კი ამბობენ, რომ დარტყმებს სირიაში დაჯგუფებების 18 წევრი ემსხვერპლა. 

ერაყის არმიის სპიკერმა, იაჰია რასულმა აშშ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. თუმცა აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ერაყის მთავრობა იერიშების მიტანამდე გააფრთხილეს.

28 იანვარს თავს დაესხნენ იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტ Tower 22-ს. შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ვარაუდობდნენ, რომ აშშ-მ მოწინააღმდეგის დრონი იმიტომ არ ჩამოაგდო, რომ ის მიიჩნიეს საკუთარ უპილოტო საფრენ აპარატად, რომელიც მისიიდან ბრუნდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო პირობა, რომ თავდასხმაში მონაწილეები პასუხს აგებდნენ. აშშ თავდასხმაში პროირანულ დაჯგუფებებსა და ირანს ადანაშაულებდა. თეირანმა ბრალდება უარყო. 

Tower 22-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ერაყში მოქმედმა ისლამურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მათ შორის კათაიბ ჰეზბოლასა და ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბას აერთიანებს. 31 იანვარს კათაიბ ჰეზბოლაში აცხადებდნენ, რომ აშშ-ს ობიექტებზე დარტყმებს წყვეტდნენ.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. 

24 იანვარს აშშ-მ საპასუხო იერიში მიიტანა  ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლასა და სხვა პროირანული ძალების სამიზნეებზე. აქამდე, 20 იანვარს ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ამერიკულ ბაზაზე თავდასასხმელად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

კომენტარები