რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ნადეჟდინმა რუსეთის ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა

ბორის ნადეჟდინი

პარტია სამოქალაქო ინიციატივის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბორის ნადეჟდინმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით განაცხადი შეიტანა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 31 იანვრისთვის მას 105 000 ხელმოწერა აქვს შეგროვებული. კანდიდატის რეგისტრაციისათვის კი 100 000-ზე მეტი ხელმოწერაა საჭირო.

"აქ არის ყუთები, რომლებშიც რუსეთის 105 000 მოქალაქის ხელმოწერაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეგროვდა. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან კიდევ გვაქვს დამატებით ათობით ათასი ხელმოწერა, რომელიც რუსეთს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისგან შევაგროვეთ. ეს ხელმოწერები აქ არ მოგვიტანია, თუმცა, მათ ცალკე დავთვლით". - თქვა ნადეჟდინმა.

რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმოწერების ავთენტიკურობის დასადგენად და იმის გადასაწყვეტად, დაარეგისტრირებენ თუ არა ნადეჟდინს კანდიდატად, 10 დღე აქვს.

პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი დაპირება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაა.

საკუთარ მანიფესტში ნადეჟდინი წერდა, რომ ის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის "პრინციპული მოწინააღმდეგეა". მისივე თქმით, პუტინი "მსოფლიოს წარსულიდან უყურებს და რუსეთს წარსულში მიათრევს". ასევე ამბობდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ანუ უკრაინაში მიმდინარე ომის "არცერთი დასახული მიზანი არ შესრულებულა და რუსეთის ეკონომიკასა და დემოგრაფიაზე გამოუსწორებელი ზიანის გარეშე ვერც შესრულდება".

გამოცემა Верстка გასულ დღეებში პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ნადეჟდინი თავდაპირველად "კრემლთან შეთანხმებული კანდიდატი" იყო და არჩევნებზე ლიბერალები უნდა მიეზიდა, თუმცა, როცა ის ომისა და პირადად პუტინის წინააღმდეგ გამოვიდა, კრემლში მის მხარდაჭერაზე უარი თქვეს. Верстка-ს ცნობით, მცირე მხარდაჭერის გამო, ნადეჟდინისთვის რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლოა რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

ნადეჟდინმა რუსეთის ცესკოს არჩევნებში მონაწილეობისთვის გასული წლის 26 დეკემბერს მიმართა და 28 დეკემბერს მისი უფლებამოსილი პირები დაარეგისტრირეს.

ბორის ნადეჟდინი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია. ის მემარჯვენე ძალთა კავშირიდან, რომლის თავმჯდომარეც 2015 წელს მოსკოვშ მოკლული ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი იყო, დუმაში 1999 წელს აირჩიეს.

კომენტარები