საქართველოს მთავრობა

გაზაფხულზე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ბინიდან მდგმურის გასახლებას გაამარტივებს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, დასრულებულია მუშაობა ინიციატივაზე, რომელიც მოქალაქებს საკუთრების იჯარით გაცემისას თუ გაქირავებისას რისკებისგან დაიცავს. მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. ინიციატივის ფარგლებში, მხარეები ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებენ. თუ მოქირავნე/მოიჯარე თანხას არ გადაიხდის, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. 

"მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც უკავშირდება ქირასა და იჯარას. 

გამოსახლებას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ, აღსრულების პოლიცია, თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ მას შემდეგ მოხდება გამოსახლება, როდესაც ხელშეკრულებით დადასტურდება, რომ ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრებ ვალდებულებებს, თუმცა, მთელი ის პროცესი, რაც ახლა უწევს ადამიანს, რომ თუკი მის ბინაში ცხოვრობს ვინმე ქირით და არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება, წლები ცხოვრობდეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შემოკლდება და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროცესი". - თქვა ბრეგაძემ მთავრობის ბრიფინგზე.  

აქამდე, კონკრეტულად ასეთი შემთხვევის გადასაჭრელად არ არსებობდა სამართლებრივი მექანიზმი, გარდა სასამართლოში ჩივილისა, რაც დროში გაწელილი პროცესი იყო. 

კომენტარები