ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბორელი: არ არსებობს სიტყვები ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაციის აღსაწერად

EPA

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, არ არსებობს სიტყვები იქ შექმნილი სიტუაციის აღსაწერად. ამის შესახებ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ ისაუბრა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მინისტერიალზე ასევე მიწვეული არიან ისრაელის, არაბული და მუსლიმური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და არაბთა ლიგის გენერალური მდივანი.

"ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, არ არსებობს სიტყვები იქ შექმნილი სიტუაციის აღსაწერად, რა დროსაც ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის, საკვების, მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი ბომბების ქვეშ. ყოველდღე დიდი რაოდენობით მოქალაქეებს კლავენ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? ეს არის საკითხი, რომელსაც მინისტრები დღეს განიხილავენ, ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა". - თქვა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება მხოლოდ  ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპზეა შესაძლებელი.

"ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი სამშვიდობო პროცესზე და საუბარი უნდა დავიწყოთ უფრო კონკრეტულად "ორი სახელმწიფოს გამოსავლის" პროცესზე, რადგან შესაძლებელია არსებობდეს ბევრნაირი მშვიდობა. რა სახის მშვიდობაზე საუბრობთ თქვენ? მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი გაკეთება გვსურს. ის, რისი გაკეთებაც გვსურს, არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავალი, ასე რომ, ვისაუბროთ ამაზე". - თქვა ბორელმა.

ამავდროულად, ბორელმა აღნიშნა, რომ მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ასევე დგას უკრაინის საკითხი.

"ის, რომ ჩვენ ჩართულნი ვართ ახლო აღმოსავლეთში გამოსავლის ძიებაში, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. პირველი, ვისთანაც დღეს საუბარი გვექნება, არის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრებთან ერთად განვიხილავთ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას. მოგვიანებით ასევე იქნება თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების განსახილველად. ნუ იღელვებთ, უკრაინელებმა არ უნდა იღელვონ, ევროპის მხარდაჭერა ისევ მტკიცედ გრძელდება". - თქვა ბორელმა.

 

კომენტარები