პარტია ლელო

ლილუაშვილი კუპრაძეს: 200 ლარზე მეტ ზრდას ვინც ჰპირდება პენსიონერებს, აბსოლუტური მატყუარაა

პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ტვ პირველის ეთერში პენსიის ზრდასთან დაკავშირებით იკამათეს.

კუპრაძის თქმით, ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება. ლილუაშვილის თქმით კი, ვინც პირველ წელს 200 ლარით მეტ ზრდას დაპირდება პენსიონერებს, ის აბსოლუტურად მატყუარაა.

კუპრაძე: 28 მილიარდია საქართველოს ბიუჯეტი, კორუფციაში ჩაძირული ხელისუფლების პირობებში, რომელმაც არ დაასრულა არცერთი დიდი მეგაპროექტი [...] საჯარო უწყებებში, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა რამდენია, 80%-ით რომ შევამციროთ ამ ქვეყანაში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, 500 მილიონი დოლარის გამოთავისუფლება ხდება მხოლოდ აქედან... 

ლილუაშვილი: ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სისულელეების დაჯერებისგან... 1 000-ლარიან პენსიამდე რომ აიყვანო პენსია, 600 ლარი გჭირდება დამატებით, ამაში ხომ მეთანხმები? 600 ლარით რომ გაზარდო, დაახლოებით 7 მილიარდი ლარი გჭირდება (პენსიონერების რიცხვის ზრდის ჩათვლით)... დღევანდელი 28 მილიარდი სინამდვილეში 25-ია, 28-ც რომ იყოს, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი იცი, რამდენია?

კუპრაძე: ეს ბუღალტერია თქვენთვის დაიტოვეთ, 14% არის პენსიების ხვედრითი წილი, ლელო ამბობს, რომ აუცილებლად გააორმაგებს სახელმწიფო ბიუჯეტს... ხვედრითი წილი დარჩება იგივე, არაფერი არ იცვლება, ეს არის ბუნებრივი მოცემულობა.

ლილუაშვილი: რა ბუღალტერია, ბიჭო! პენსიების ზრდაზე ლაპარაკობ, რა ბუღალტერიაზე მელაპარაკები. რას გააორმაგებთ, ბიჭო! მომისმინე, ირაკლი, გეტყვი ახლა, რას გააორმაგებ, 7 მილიარდი არის ახლა დაახლოებით, ცოტა მეტი, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის [...] შენ მეუბნები, რომ მე 4 წელიწადში ახალ დამატებით 7 მილიარდს გავაჩენ ბიუჯეტში, რითი? რომ მოგაქვს მაგალითად, ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს შევუწყვეტ ხელშეკრულებასო, სად მიგყავს ეგ დაუსაქმებელი ადამიანები მერე? ისევ სოციალურ სისტემაში არ მოგყავს? ნაცარს ნუ შეაყრი თვალებში, ეს არის ყველაზე მოწყვლადი ხალხი... 200 ლარით მეტ ზრდას ვინც დაჰპირდება პენსიონერებს, ის არის აბსოლუტურად მატყუარა, მეტი არაფერი.

კუპრაძის მტკიცებით, სტუდიაში მყოფი ხუთი პარტიიდან ლელოს გარდა არავის აქვს "კონკრეტული გეგმა, შეთავაზება" პენსიებთან დაკავშირებით და ეს არასერიოზულია. მისი თქმით, ისინი TV პირველის ეთერში ლელოზე სალაპარაკოდ მივიდნენ და არა პენსიებზე. 


კომენტარები