აშშ-ტაივანი

აშშ ტაივანს სუვერენული ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში დაეხმარება

REUTERS/Ann Wang/File

ჩვეულებრივ მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი უცხოური შეიარაღებული ძალების დაფინანსების (FMF) პროგრამის ფარგლებში აშშ ტაივანს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ტრანსფერი ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, შესაბამისი უწყება კონგრესში უკვე გაიგზავნა. დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი პროგრამის ფონდიდან $80 მილიონამდე გამოყოფას გეგმავს.

"FMF თავდაცვის ერთობლივი და კომბინირებული შესაძლებლობებისა და საზღვაო სფეროში ინფორმირებულობისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდის გზით, ტაივანის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული". - წერია უწყებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დოკუმენტის ავთენტურობა დაადასტურა და დასძინა, რომ FMF-ის ფარგლებში ტაივანის დახმარება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ იქონიებს.

ტაივანის თავდაცვის მინისტრმა დახმარებისთვის მადლობა გადაიხადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები