აშშ-ტაივანი

აშშ ტაივანში არჩევნების შემდეგ არაოფიციალური დელეგაციის გაგზავნას გეგმავს

AP Photo/Ng Han Guan

ტაივანში 13 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შემდგარი არაოფიციალური დელეგაციის კუნძულზე გაგზავნას აპირებს

Associated Press-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რეპორტიორებთან ანონიმურად საუბრისას ოთხშაბათს, 10 იანვარს დაადასტურა. ოფიციალურ პირს დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრა ტაივანის ახალ მთავრობასთან ჩართულობის დასაწყებად და რეგიონში აშშ-ს პოლიტიკაზე მესიჯის გასაგზავნად "ყველაზე ეფექტური გზა" იქნება. მანვე აღნიშნა, რომ, ადმინისტრაციის აზრით, ეს ნაბიჯი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

ორ დღეში გასამართ არჩევნებში ბაიდენის ადმინისტრაციას ღიად მხარი არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის ან კანდიდატისთვის არ დაუჭერია. თავის მხრივ, პეკინმა ცხადყო, რომ არ სურს დამოუკიდებლობის მომხრე მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ლაი ჩინგ-ტეს, იგივე უილიამ ლაის გამარჯვება.

ლაი საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას ლიდერად ითვლება, თუმცა მთავარი ოპოზიციური პარტიის, კუომინტანგის (KMT) კანდიდატი, ხოუ იუ-იც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება ჩინეთისგან ტაივანის დამოუკიდებლობას, მაგრამ არც გაერთიანების მხარდამჭერია.

პეკინმა ლაი "ტაივანის დამოუკიდებლობის ელემენტად" გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა გამარჯვების შემთხვევაში ლაიმ კუნძულის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, ჩინეთმა პირობა დადო, რომ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში ტაივანს ძალით შემოიერთებს და მოუწოდა ტაივანელ ამომრჩევლებს, არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ტაივანის არჩევნებთან დაკავშირებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობაში ამ პრობლემების გამკლავების გზებზე "შემთხვევითი საუბრები" უკვე გაიმართა. მანვე თქვა, რომ თეთრი სახლი ტაივანთან დაკავშირებით პეკინთანაც თანამშრომლობს, რათა მართოს "რთული სიტუაციები" და გაუთვალისწინებელი კონფლიქტი თავიდან აიცილოს და დასძინა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ტაივანის არჩევნებში გარე ჩარევას ეწინააღმდეგება და ამასთან დაკავშირებით ჩინელ ოფიციალურ პირებთან შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ტაივანთან გაფორმებული აქვს უსაფრთხოების შეთანხმება, რის საფუძველზეც ვაშინგტონი კუნძულს ჩინეთის მხრიდან პოტენციური შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად საჭირო ტექნიკითა და ტექნოლოგიით ამარაგებს. ბოლო წლებში, პეკინის მხრიდან ტაივანზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ტაიპეის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა გააძლიერა.

აშშ-ს მთავრობა კუნძულის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით პოზიციას არ იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უთანხმოება მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ჯო ბაიდენმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უთხრა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერ ცვლილებას ეწინააღმდეგება.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები