მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

Ambrey: ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდ გემზე მიიტანეს იერიში

იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ერთ-ერთ სატვირთო გემზე თავდასხმისას, 2023 წლის 20 ნოემბერი
Handout/Getty Images  

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმის, Ambrey-ის, ინფორმაციით, ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდ ტანკერზე მიიტანეს იერიში. უსაფრთხოების ფირმის ცნობით, გემმა მასთან ახლოს რაკეტის გასროლა დააფიქსირა.

"ეს იყო მეორე ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ჰუსიტებმა შეცდომით მიზანში ამოიღეს". - წერია Ambrey-ის ცნობაში. 

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) თქვა, რომ იემენის საპორტო ქალაქ ადენის სამხრეთ აღმოსავლეთით 90 საზღვაო მილის დაშორებით რაკეტის გასროლის ცნობა მიიღო. 

"პანამის დროშის მატარებელმა ტანკერმა სამი ნავი შენიშნა აღმოსავლეთით საერთაშორისო რეკომენდებული ტრანზიტის კორიდორში გადაადგილებისას ". - წერია Ambrey-ს ცნობაში. 

უსაფრთხოების ფირმის შეფასებით, ჰუსიტებს შეცდომა საჯაროდ ხელმისაწვდომი მოძელებული ინფორმაციის გამო მოუვიდათ, რომელიც გემს გაერთიანებულ სამეფოსთან აკავშირებდა. 

"როგორც ჩანს, ეს ხუთი თვის წინანდელია, მაგრამ [გემი] საჯარო საზღვაო მონაცემთა ბაზაში კვლავ გაერთიანებულ სამეფოსთან აფილირებულად არის აღნიშნული". - წერია ცნობაში. 


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში სამიზნეებზე იერიში მიიტანეს – ბაიდენი

12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.

აშშ: იემენში იერიში ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს, 10 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა, მხარი კი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

გარდა ამისა, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად" მოიხსენია.

"გაეროს მთავარი ამოცანა, რომელიც მის ქარტიაშია განსაზღვრული, არის - მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების შეჩერება და აგრესიის აქტებისა თუ მშვიდობის სხვა დარღვევების ჩახშობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან თანხვედრაში. დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გუშინ ჩვენ წავაწყდით ზუსტად ასეთ სიტუაციას: შეიარაღებული აგრესია ქვეყნების ჯგუფის მხირდან სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ". - თქვა ნებენზიამ.

კომენტარები