მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

ჰუსიტების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა

იემენელი ჰუსიტების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ადასტურებს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის შედეგად ხომალდს "მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს."

მანამდე, ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმის, Ambrey-იმ გაავრცელა ინფორმაცია , რომ ჰუსიტებმა ჯამში სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, ორ მათგანს ზღვამდე არ მიუღწევია.


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში სამიზნეებზე იერიში მიიტანეს – ბაიდენი

12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.

აშშ: იემენში იერიში ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს, 10 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა, მხარი კი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

ამასთან, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად" მოიხსენია.

კომენტარები