ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

აშშ წითელ ზღვაში კომერციული გემების დასაცავად სამხედრო ოპერაციას იწყებს

იემენელი ჰუსიტები სატვირთო გემ Galaxy Leader-ზე

აშშ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად წითელ ზღვაში იწყებს ოპერაციას, რათა კომერციული გემები იემენელი ჰუსიტების თავდასხმებისგან დაიცვან. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბაჰრეინში გამართული ვიზიტის დროს ისაუბრა.

ჰუსიტების გახშირებული თავდასხმების გამო ზოგიერთმა სატრანსპორტო კომპანიამ ბაბ ელ-მანდების სრუტეში გემების ცურვა დროებით შეაჩერა, რადგან გასულ დღეებში მომხდარი შემთხვევების შედეგად ზოგიერთი ხომალდი დაზიანდა. იემენელი ამბოხებულები, რომელთაც ზურგს ირანი უმაგრებს, იერიშებისთვის დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ.

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გასულ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ორ ხომალდს დაესხნენ თავს. მათი ცნობით, რაკეტისა და დრონის იერიშის შედეგად დაზიანდა ნავთობის გადამზიდი ტანკერი და ამას გარდა, კიდევ ერთი გადამტანი გემის მახლობლად წყალში აფეთქება მოხდა.

"ეს არის საერთაშორისო გამოწვევა, რომელსაც ესაჭიროება კოლექტიური პასუხი. ამიტომაც, დღეს ვაცხადებ "ოპერაცია კეთილდღეობის მცველს" (Prosperity Guardian), მნიშვნელოვან, უსაფრთხოების მულტინაციონალურ ინიციატივას". - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ახალ მისიაში აშშ-სთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელი და ესპანეთი. ზოგიერთი მათგანის მოვალეობა ერთობლივი საზღვაო პატრულირება იქნება, ზოგის კი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

მედიასააგენტო AP News-ის ანონიმური წყაროს თქმით, ოპერაციაში მონაწილეობას კიდევ რამდენიმე ქვეყანა მიიღებს, თუმცა მათ არ უნდათ ამის გასაჯაროება.

აქამდე, ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების ფონზე, ჰუსიტების წითელ ზღვაში გააქტიურების გამო სამოქალაქო ხომალდების დასაცავად წყლებში ორი ამერიკული საზღვაო გამანადგურებელი პატრულირებდა, პირველი თავდასხმის შემდეგ, რაც 3 დეკემბერს მოხდა.

კომენტარები