სტალინის გამოსახულება ხატზე

ვარდოსანიძე: საპატრიარქოს სამარცხვინო განცხადება, ჩემი დახმარების იმედი ნუ გექნებათ აწი

"სამარცხვინო განცხადება" - ასე შეაფასა ქოცორკმა ბექა ვარდოსანიძემ საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება, მატრონა მოსკოველის ხატში შეიცვალოს სტალინის გამოსახულება.

მას პატრიარქის პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ განცხადება ილია მეორესთანაა შეთანხმებული.

"ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება, ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული. თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა" - დაწერა მამა ანდრიამ.

ამის შემდეგ, ბექა ვარდოსანიძემ პატრიარქის პრესმდივანს მიმართა და დაწერა, რომ "მე პრინციპული ადამიანი ვარ". 

"მათ წისქვილზე რომ დაასხით წყალი, ჯობდა, ეს სამარცხვინო განცხადება არ გაგეკეთებინათ საერთოდ. ნანუქა ქაჯაიას და ტვ წიოკის (მადლი) გფარავდეთ აწი, ჩემი დახმარების და დაცვის იმედი ნუ გექნებათ აწი. სულ არ მაინტერესებს მე ქოცებთან როგორ ლობი გექნებათ და მათ LGBT აქტივისტების ტელევიზიაში ირბინეთ, ბევრს მოიგებთ კიდევ" - დაწერა ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ "რელიგიურ და კულტურულ ომში კაპიტულაციას არ მოიწონებს ხალხი".

საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ".  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანის, ირმა ინაშვილის თქმით, საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია და სტალინის გამოსახულება ხატზე სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეიძლება შეიცვალოს. 

"სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს" - წერს ირმა ინაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და "ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს". 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

9 იანვარს, Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ამაზე შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

კომენტარები