საკონსტიტუციო სასამართლო

GDI: ტურავა კობახიძის მიმართ წარმოების დაწყებას არ აპირებს, წყაროს არასარწმუნოდ მიიჩნევს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა მოსამართლე მანანა კობახიძის შესახებ ე.წ სუს-ის ფაილებიდან გავრცელებულ ინფორმაციას სარწმუნოდ/ავთენტურად არ მიიჩნევს და უარს ამბობს მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში აიისსას უფლებებს იცავს და წერს, რომ შესაბამისი წერილი მათ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღეს. 

საქმე ეხება სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ე.წ კრებსებს, რომელთა მიხედვითაც,  აიისას საქმის განხილვის პროცესში საქმის მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესებულ მხარეს, საქართველოს საპატრიარქოს იურიდიულ დახმარებას უწევდა.

GDI-ის განცხადებით, მაშინ, როდესაც სასულიერო პირი მოსამართლესთან კომუნიკაციის ფაქტს საჯაროდ ადასტურებს, ხოლო ამავე ინფორმაციის თანახმად, მანანა კობახიძე გენერალური პროკურატურისგან აღნიშნული ფაქტის შესახებ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ითხოვს, "სასამართლოს პასუხი უკანონო, ფორმალისტური და დაუსაბუთებელია". 

"ამასთან, მის მიერ შუამდგომლობის პასუხად განვითარებული მსჯელობა მოკლებულია ანგარიშვალდებულების განცდას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სასამართლოს ავტორიტეტზე და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე". – წერს ორგანიზაცია. 

GDI ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მანანა კობახიძის აიისას საქმიდან აცილების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა ამ დრომდე არ დაუსრულებია და ეს საკითხი კოლეგიამ დისციპლინური საქმის წარმოებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს. 

"აღნიშნულის ფონზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალისტური პასუხი დაყენებულ შუამდგომლობაზე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე, ხოლო ამავე პერიოდში მანან კობახიძის არჩევა მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ, დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არაა მოწოდებული, დაიცვას საკუთარი ავტორიტეტი, შეინარჩუნოს საზოგადოებაში ნდობა და მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით". – წერს GDI. 


სექტემბერში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი დოკუმენტების მიხედვით, რომელთა ავთენტიკურობაც არაერთმა წყარომ დაადასტურა, მოსამართლე კობახიძე აიისას საქმის განხილვისას დაინტერესებულ მხარეს, საქართველოს საპატრიარქოს იურიდიულ დახმარებას უწევდა.

დოკუმენტების მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, მანანა კობახიძესთან სატელეფონო კომუნიკაციისას პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მოსამართლისთვის ცხადი გახადა, რომ საპატრიარქო პროცესს ახლოდან აკვირდება. ამავდროულად, მან მოსამართლეს რჩევა ჰკითხა, როგორ დაეცვა ეკლესიას საკუთარი პოზიცია. მოსამართლე მანანა კობახიძემ საპატრიარქოს გავლენიან წარმომადგენელს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

იურისტებისა და კონსტიტუციონალისტების შეფასებით, დადასტურების შემთხვევაში გავრცელებული საუბრის შინაარსი მოსამართლე მანანა კობახიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს და უნდა დაწყებულიყო დისციპლინური სამართალწარმოება. 

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) კი, რომელიც სასამართლოში აიისას ინტერესებს იცავს, საქმიდან მოსამართლე კობახიძის აცილება მოითხოვა.

ამის პასუხად 2 დეკემბერს მოსამართლე კობახიძე დააწინაურეს და იმ კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშნეს, რომელიც აიისას საქმეს განიხილავს. 


საკონსტიტუციო სასამართლომ აიისას სარჩელის არსებითი განხილვა 2 თებერვალს დაიწყო. გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. 

22 ივლისს გამოქვეყნდა საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – აიისამ საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

"სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატაიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითგრეალიზაციისთვის" – წერია გადაწყვეტილებაში.

კომენტარები