საკონსტიტუციო სასამართლო

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ნაცვლად მანანა კობახიძე დააწინაურეს

მანანა კობახიძე
საკონსტიტუციო სასამართლო

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მანანა კობახიძე დააწინაურეს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, პირველ დეკემბერს სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩია. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი 2018 წლის 12 იანვრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის პოსტს იკავებდა. მის ადგილს გიორგი თევდორაშვილი დაიკავებს. 

სექტემბერში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი დოკუმენტების მიხედვით, რომელთა ავთენტიკურობაც არაერთმა წყარომ დაადასტურა, მოსამართლე კობახიძე აიისას საქმის განხილვისას დაინტერესებულ მხარეს, საქართველოს საპატრიარქოს იურიდიულ დახმარებას უწევდა.

დოკუმენტების მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, მანანა კობახიძესთან სატელეფონო კომუნიკაციისას პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მოსამართლისთვის ცხადი გახადა, რომ საპატრიარქო პროცესს ახლოდან აკვირდება. ამავდროულად, მან მოსამართლეს რჩევა ჰკითხა, როგორ დაეცვა ეკლესიას საკუთარი პოზიცია. მოსამართლე მანანა კობახიძემ საპატრიარქოს გავლენიან წარმომადგენელს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

იურისტებისა და კონსტიტუციონალისტების შეფასებით, დადასტურების შემთხვევაში გავრცელებული საუბრის შინაარსი მოსამართლე მანანა კობახიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს და უნდა დაწყებულიყო დისციპლინური სამართალწარმოება. 

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) კი, რომელიც სასამართლოში აიისას ინტერესებს იცავს, საქმიდან მოსამართლე კობახიძის აცილება მოითხოვა. პასუხად, მანანა კობახიძე იმ კოლეგიის თავმჯდომარედ განამწესეს, რომელიც აიისას საქმეს განიხილავს. 

კომენტარები